Sunday, November 1, 2009

***


მერია და განათლების სამინისტრო ვალდებულია გაააკონტროლოს როგორც სკოლები ასევე მათი მიმდებარე ტერიტორია. ყველა საჯარო სკოლის ტერიტორია მერიის მფლობელობაშია. იგი უზურფრუტით აძლევს სკოლებს ტერიტორიას, რაც უსასყიდლოდ მუდმივ სარგებლობაში გადაცემას ნიშნავს.
სკოლისთვის ვაუჩერული დაფინანსება რომ არასაკმარისია ამაზე ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლის დირექტორი ღიად საუბრობს. ედუარდ კიკნაძე ამბობს, რომ წლიურად 380 ლარია თითოეულ ბავშვზე გამოყოფილი, ეს კი მხოლოდ მასწავლებლების ხელფასზე და კომუნალურ გადასახადებზე იხარჯება. სკოლას განვითარების საშუალება ვაუჩერით არ აქვს. ამიტომაც, იძულებულია, თანხები (რემონტისთვის, კომპიუტერული უზრუნველყოფისთვის და სხვა) სხვადასხვა გზით მოიძიოს, მათ შორის ყველაზე გავრცელებული თავისუფალი ტერიტორიის გაქირავებაა. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფართის იჯარით გასხვისება ხელს არ შეუშლის სასწავლო პროცესს. დირექტორს სჯერა, რომ მერია უზურფრუტით განსაზღვრულ წესებს ვერ დაარღვევს და დირექციასთან შეუთანხმებლად სკოლის ტერიტორიას ვერ გაასხვისებს.
თბილისის 55-ე საჯარო სკოლის დირექტორის, თამარ ჭაბაშვილის თქმით, უსასყიდლო უზურფრუტის შემთხვევაში შენობის მოვლა და დაზღვევა სკოლის პრეროგატივაა. ტერიტორიის გაქირავების უფლება კი მაკონტროლებლის გარეშე შეუძლებელია: ”დამატებითი სახსრის მოძიებისთვის აუცილებელია განცხადება განათლების სამინისტროში შეიტანო, ამის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს უფლება გჭირდება, შემდეგი პროცედურა აუდიტის მიერ ფასის განსაზღვრაა, ბოლოს კი ტენდერი ცხადდება.”- ამბობს სკოლის დირექტორი, რომელსაც გაქირავებული აქვს სკოლის ბუფეტი, სპორტული დარბაზი და სააქტო დარბაზი. მისი თქმით, სკოლისთვის დამატებითი ფინანსების ერთადერთი წყარო ტერიტორიის გაქირავებაა. განსაკუთრებულ გასაჭირში დაბალკონტიგენტიანი სკოლები არიან, რომლის წლიური დაფინანსება მინიმალურია. თამარ ჭაბაშვილის თქმით, უზურფრუტის კონტრაქტის დარღვევა სკოლის დირექციის უშუალო თანხმობის გარეშე შეუძლებელია.
განათლების ექსპერტი, პროფესორი გიორგი ბაღათურია თვლის, რომ ტერიტორიის დამქირავებელსა და სკოლის ხელმძღვანელობას შორის ხელშეკრულების უკან ხშირად კერძო გარიგებები და ინტერესებია, ამიტომაც საჭიროა მისი მინიმიზაცია.~ ექსპერტის თქმით, სწორედ ეს საკითხი წარმოშობს ბევრ პრობლემას.
სრულიად სხვა მდგომარეობაა თბილისის კლასისური გიმნაზიის ანუ პირველი საჯარო სკოლის შემთხვევაში. სკოლის თავისუფალი ტერიტორიის საკითხის პრობლემა სხვა ჭრილში წარმოგვიდგება. ყოფილი დირექტორის ლეილა შეწირულის თქმით, სკოლას შევარდნაძის დროს გადაეცა უკანა ეზო, რომელიც 3000კვ.მეტრზე მეტი იყო. 2005 წელს აქ ახალი დირექტორი, ლელა წიქარიშვილი დაინიშნა. ის განმარტავს, რომ უკან სკოლის მეორე კორპუსი უნდა აშენებულიყო, სადაც სპორტული კომპლექსი იქნებოდა. მისი სკოლაში დანიშვნის პერიოდში მშენებლობაზე არქიტექტორი მუშაობდა და კორპუსის გეგმაც მზად იყო. თუმცა, ტერიტორიის საკუთრების დამამტკიცებელი საბუთი სკოლის დირექციას არ გააჩნდა. ”ეს იცოდა ყველამ, თუმცა პასპორტის დონეზე არ იყო გადაწყვეტილი.” მერიამ სკოლას მხოლოდ 500 კვ.მ მიამაგრა, ხოლო დანარჩენი 2500კვ.მ გაასხვისა.
სამშენებლო კომპანია ”კაპიტალ ვოსტოკმა” პირველი საჯარო სკოლისთვის ჩამოჭრილი 2500 კვ.მ მიწის ფართობი 3 400 000 ლარად შეისყიდა. ეს ადგილი „ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის“ სტატუსით გაფორმდა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა “კაპიტალ ვოსტოკს.” კომპანია ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლის აშენებას აპირებს. ის ვალდებულია თაბუკაშვილის 50-ში მცხოვრებლები დააკმაყოფილოს იგივე ფართობითა და პირობებით, რასაც ისინი ფლობდნენ. ასევე მის ვალდებულებაში შედის მიწისქვეშა საზოგადოებრივი ფასიანი ავტოსადგომის მოწყობა, რომლის ერთი სართული იჯარის სახით გადაეცემა საქართველოს პარლამენტს. აქვე სამშენებლო კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, აუშენოს პირველს სკოლას 500 კვ.მ ფართის გადახურული სპორტული მოედანი.
კომპანია, ”კაპიტალ ვოსტოკი” საინვესტიციო ჯგუფია, ის ძირითადად ინვესტიციების განხორციელებით არის დაკავებული. ამჯერად კომპანიას ორი ძირითადი პროექტი აქვს წამოწყებული: პირველი სკოლის და “კემპინსკის”. სწორედ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “კემპინსკის”, რომელიც ყოფილი იმელის შენობის ადგილას უნდა აშენდეს, გამო ორი წლის წინ გამოასახლეს მოსახლეობა თაბუკაშვილის 50-დან და დაანგრიეს საცხოვრებელი სახლი. კომპანიის ორივე პროექტზე მუშაობა დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს, ამბობს “კაპიტალ ვოსტოკის” წარმომადგენელი დიმიტრი ნაფეტვარიძე. მისი თქმით, თაბუკაშვილზე მცხოვრებებისთვის 34 ბინაა გამოყოფილი. ”ვალდებულებები მძიმეა, დღევანდელი ეკონომიკური პირობები ოპტიმისტურად არ განგვაწყობს, თუმცა 2011 წლისთვის 100 პროცენტით შევასრულებთ აღებულ ვალდებულებებს.” კითხვაზე, თუ როგორ უყურებს სკოლის უკან წამოწყებულ მშენებლობას, პირველი გიმნაზიის დირექტრი პასუხობს, რომ სკოლისთვის ძალიან რთული იქნება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, მაგრამ ის სრულიად იზოლირებული უნდა იყოს, ”მე პირადად აქ ცხოვრება არ მომინდებოდა.” თუმცა დასძენს, რომ სხვა შანსს ვერ ხედავს სკოლის პრობლემის მოგვარებისთვის. სკოლისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემა კი სპორტული დარბაზის არქონაა. ”ჩვენ ამ პროცესის მხარე ვართ, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს.”_ ამბობს დირექტორი და გამოთქვამს უკმაყოფილებას:_”მერიასთან პრეტენზია მაქვს, იურიდიული გაფორმებების თვალსაზრისით დაუდევრობა შეინიშნება”
განათლების ექსპერტი გიორგი ბაღათურიას თქმით, სკოლის ტერიტორიის პასპორტიზაციისადმი ზერელე დამოკიდებულებამ, პირველი გიმნაზიის შემთხვევაში სავალალო შედეგი მოიტანა. ფაქტობრივად, სკოლამ ტერიტორია დაკარგა. საცხოვრებელი კორპუსი უშუალო შეხებაშია სკოლასთან, რაც დიდ დისკომფორტს შეუქმნის, როგორც სკოლას, ასევე მოსახლეობას. ექსპერტი თვლის, რომ საჭიროა განათლებისა და მეცნიერების, ასევე ეკონომიკური განვითარების სამინისტროებმა სკოლების დაფინანსების საკითხი გაზრდის თვალსაზრისით ხელმეორედ შეისწავლონ. მისი აზრით, თუ პრობლემას განვაზოგადებთ, დღის წესრიგში უნდა დადგეს სასკოლო შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიების ხელახალი პასპორტიზაციის საკითხი.”ზემოთ მოყვანილი მაგალითებიც ამტკიცებს, რომ პრობლემა სერიოზულია და დროულ რეაგირებას საჭიროებს.”_ ამბობს გიორგი ბაღათურია.

No comments:

Post a Comment